ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2011 წელს. ცენტრი დაფუძნდა დამოუკიდებელი ექსპერტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, რათა შეექმნათ ადგილობრივი დემოკრატიის, მოქალაქეთა ჩართულობის და დეცენტრალიზაციის პოპულარიზაციის პლატფორმა საქართველოს რეგიონებში. ცენტრის დაარსებით შესაძლებელი გახდა ადგილობრივ განვითარებაში ჩართული სვადასხვა აქტორების თანამშრომლობის და პატრნიორობის ინსტიტუციონალიზაცია, რომელიც მიმართულია ადგილობრივი განვითარების ხელშწყობისკენ, სახელმწიფო და ადგილობრივი სტრუქტურების გაძლიერებისკენ და ადგილობრივი თემების გაძლიერებისკენ.

ორგანიზაციის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობენ არასამთავრობო სექტორში და აქვთ დიდი და მცირე პროექტების განხორციელების გამოცდილება. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, როგორც რეგიონული და თემატური პრინციპით გაერთიანებულ ორგანიზაციათა საკოორდინაციო ცენტრი, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ განვითრებაში ჩართული აქტორების თანამშრომლობას და კონსულტაცია გაუწიოს ყველა დაინტერესებულ მხარეს დეცენტრალიზაციის, რეგიონული განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ისეთ სფეროებში, როგორიცაა:

  • სამოქალაქო საზოგადოების უნარების ზრდა,
  • ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა და საჯარო-კერძო თანამშრომლობა (PPP),
  • ეთნიკური უმცირესობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში,
  • რურალური ზონების მდგრადი განვითარების შესაძლებლობის ანალიზი.